ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ დეკემბერში იქნება მზად

ევროკავშირი ასრულებს პირობებს და ამასვე ელოდება საქართველოსგან, აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ევროკომისია ანალიტიკურ ანგარიშს საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოაქვეყნებს, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ.
მისი თქმით, სრულფასოვანი ანგარიში გაფართოებულ ფორმატში, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინასა და მოლდოვას, მზად 2023 წელს იქნება.

„ევროკავშირი ასრულებს პირობებს და პირობების შესრულებას მოელის საქართველოსგანაც“, – განაცხადა სტანომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.
მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.