მსოფლიო დღეს

ტოკაევი რუსეთიდან წასული უცხოური კომპანიების ყაზახეთში გადაყვანას გეგმავს

Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ყაზახეთმა უნდა შექმნას კომფორტული პირობები, რათა რუსეთის ბაზრიდან გასული მსხვილი უცხოური კომპანიები მოიზიდოს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
მან უკვე დაავალა მთავრობას, შექმნას ხელსაყრელი პირობები უცხოური კომპანიების ყაზახეთში გადასაყვანად.

„ჩვენ საინვესტიციო კაპიტალისთვის გლობალური ბრძოლის მოწმეები ვართ. თითქმის 1400 მსხვილი უცხოური კომპანიიდან ყოველმა მეორემ შეაჩერა საქმიანობა ან სრულად დატოვა რუსეთის ბაზარი. მთავრობამ უნდა შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი ყაზახეთში რელოკაციისთვის. ეს მოგვცემს კარგ შესაძლებლობებს, გავზარდოთ წარმოება“, — აღნიშნა ტოკაევმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

მანამდე, 7 ივლისს მან განაცხადა, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის მიწოდების გზების დივერსიფიკაციაა აუცილებელი, პრიორიტეტი კი ტრანსკასპიური მარშრუტი უნდა გახდეს. აღნიშნული მაგისტრალი ნავთობისა და სხვა საქონლის რუსეთის გვერდის ავლით გაყიდვების საშუალებას იძლევა. ერთი დღით ადრე კი ყაზახეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანების პროექტი, რომელიც დე ფაქტო ზღუდავს რუსეთში გარკვეული სახის საქონლის მიწოდებას სანქციების გამო.
ყაზახეთი ევროკავშირთან თანამშრომლობას აღრმავებს>>
კიდევ უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ტოკაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უარი უთხრა დონეცკისა და ლუგანსკის, „კვაზისახელმწიფოებრივი ერთეულების“ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებაზე.
წყარო: „Sputnik ყაზახეთი“