შვეიცარია საქართველოს ნარჩენების მართვაში დაეხმარება

საქართველოში ნარჩენების უტილიზაციის თანამედროვე ქარხნის აშენება იგეგმება.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ნარჩენების მართვისა და უტილიზაციის საკითხის გადაჭრაში დახმარების მიზნით შვეიცარია საქართველოში ექსპერტებს გამოგზავნის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბერნში მისი ვიზიტის შეჯამებისას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრაში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება და საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში თანამედროვე ქარხანა აშენდება.

„ეს არ არის იაფი პროექტი, მაგრამ მისი განხორციელება აუცილებელია, რადგანაც ჩვენთან ამ დრომდე ხდება ნარჩენების მიწაში ჩამარხვა – ეს წარსულია. ეს ყველასთვის პრობლემაა – სუნი, დეზინფექცია. ეს არის პრობლემა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, თბილისისთვის საინტერესოა ბერნის ხელისუფლების გამოცდილება მიწისქვეშა სადგურებისა და ძველ თბილისში გზების, ასევე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს მდინარეებში ჩამდინარე სამრეწველო ნარჩენი წყლების მიღებასა და გაწმენდას.
„ყველა თანამედროვე ქალაქის შეფასების კრიტერიუმია – როგორ ამუშავებენ ისინი ნარჩენებს და შემდეგ როგორ იყენებენ მათ“, – განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.
კალაძე ბერნში ორდღიანი ვიზიტით 11 ივლისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ურბანული განვითარების, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.