თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ გადადგება მთავრობის მეთაურის პოსტიდან, ამის შესახებ მან მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მინდა განგიცხადოთ, რომ დღეს საღამოს რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ“, – ციტირებს მის სიტყვებს მთავრობის სასახლის პრესსამსახური.
დღეს იტალიის პარლამენტის სენატმა ქვეყნის მთავრობას ნდობა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, „5 ვარსკვლავების მოძრაობამ“ (D5Z) უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
„დღევანდელი კენჭისყრა პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა პოლიტიკური თვალსაზრისით”, - განაცხადა დრაგიმ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „საერთო ეროვნული უმრავლესობა, რომელიც თავიდან მხარს უჭერდა ხელისუფლებას, აღარ არსებობს“.
სიტუაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ კოალიციას „მოძრაობის“ შესაძლო გასვლის შემდეგაც ექნება საჭირო მხარდაჭერა პარლამენტში, თუმცა თავად დრაგიმ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არ არის უხელმძღვანელოს მთავრობას, თუ მასში „მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, ასევე ის არ აპირებს მინისტრთა საბჭოს ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებას უმრავლესობის ახალი კონფიგურაციის გათვალისწინებით.