თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ უსასრულო აქციებზე ლაპარაკის ნაცვლად ოპოზიციამ ჯერ იდეაზე უნდა ილაპარაკოს.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს – სექტემბრიდან მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყოს და არ დაემორჩილოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„მე მესმის, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ცდუნებაა – ვინ ჩაატარებს აქციას. ეს რატომღაც ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ იარაღად ითვლება. მე სინამდვილეში პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებდი იმისკენ, რომ სანამ აქციებზე ილაპარაკებენ, იქამდე იდეებზე ილაპარაკონ. არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ჩვენ თვითონ უნდა გვესმოდეს, რა გვინდა და საით მივდივართ, დასძინა დეპუტატმა.
ოპოზიციის გეგმებს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების თაობაზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე უწოდეს არასერიოზული და აღნიშნეს, რომ ეს ხელს არ შეუწყობს დეპოლარიზაციას.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.
მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.