თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიურ ფორმატში ონლაინ-გამოფენა მოამზადა, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 14 ივლისს გენიალური ქართველი შემოქმედის ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა ონლაინ-გამოფენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ-ექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – ვაჟას დაბადების ჩანაწერს, ავტოგრაფულ ხელნაწერებს, ფოტოებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მის მოღვაწეობას, აუდიოწიგნებს, 100 წლის საიუბილეოდ 1961 წელს შექმნილ კინოსიუჟეტს, წიგნებსა და სხვა საარქივო მასალას.
ცნობილი მწერალი, ქართველების „მთის არწივი" ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგლულას ნაპირზე, პატარა ქვითკირის სახლში.
ვაჟას მამა — პავლე რაზიკაშვილი, სოფლის მღვდელი იყო. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ვაჟას წიგნების სიყვარული. დედა — ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი, რომლის წყალობითაც ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. გულქანი მას საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა.
ვაჟა-ფშაველა 36 პოემის, 400-მდე ლექსის, ასევე პიესებისა და მოთხრობების ავტორია. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იგი შევიდა როგორც XIX საუკუნის გამორჩეული მწერალი.
წყარო - საქართველოს ეროვნული არქივი