თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები ბექა ლატარია და ბიძინა ხასია დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლატარია ციხეში 20 წელს გაატარებს, ხასია კი 17 წელს.
საქმის მესამე ბრალდებულს, ლევან რაჯაევს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლოზე დამტკიცდა გამოძიების ვერსია, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს ლატარია და ხასია ავტომობილით მივიდნენ სახლთან, სადაც შატალოვა ცხოვრობდა. ლატარია ჩაუსაფრდა ქალს და მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შატალოვა მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ლატარია და ხასია მიიმალნენ.
იმავე დღეს ხასია, რომელიც საქმის მესამე ფიგურანტის ლევან რაჯაევის სახლში იმალებოდა, სახლის გასაჩხრეკად მისულ პოლიციელებს თავს დაესხა და აივნიდან ხელყუმბარით ემუქრებოდა.
ამ დროს მეგობარს რაჯაევი გამოექომაგა. სანამ ის ხელს უშლიდა პოლიციელებს ხასიას დაკავებაში, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა და პოლიციელების მისამართით ხელყუმბარა ისროლა. ხელყუმბარა ავტოფარეხს დაეცა, მაგრამ არ აფეთქებულა. ლატარია, რაჯაევი და ხასია დააკავეს.
ანასტასია შატალოვა
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა გასულ წელს მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
მოგვიანებით შატალოვამ ბავშვზე მეურვეობის შესახებ სასამართლო დავა მოიგო, ხოლო ბერიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა, რაც შატალოვას ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.