თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კომპანია Twitter-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მილიარდერ ილონ მასკის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმებაზე, იუწყება გაზეთი The Guardian.
როგორც Twitter-ში აცხადებენ, კომპანიას სურს აიძულოს მასკი, „შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები და შერწყმის ოპერაცია დაასრულოს“.
სარჩელში ხაზგასმულია, რომ შეთანხმებიდან მასკის გასვლის სტრატეგია — „ფარისევლობის ნიმუშია“, და მილიარდერს კომპანია „საზოგადოების შეცდომაში შემყვან შეტევებში“ ადანაშაულებს.
„მასკმა Twitter-თან შერწყმის შესახებ სავალდებულო შეთანხმება გააფორმა და პირობა დადო, რომ ყველა ძალისხმევას მოახმარდა გარიგების დასრულებას. ახლა, სამ თვეზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, მასკი უარს ამბობს Twitter-ისა და მისი აქციონერების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უკვე აღარ ემსახურება მისივე პირად ინტერესებს“, — ნათქვამია სარჩელში.
Twitter-მა მასკისგან სოციალური ქსელის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შეთავაზება აპრილის ბოლოს მიიღო. მაისის შუა რიცხვებში კი მილიარდერმა განაცხადა, რომ გარიგებას აჩერებდა მანამ, სანამ Twitter-ი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების რაოდენობის საკითხს არ გაარკვევდა. როგორც „ტვიტერი“ ამტკიცებდა, ყალბი ანგარიშების წილი 5%-ზე მეტი არ იყო, მასკი კი ირწმუნება, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმ 20%-ია.
საბოლოოდ ილონ მასკმა 8 ივლისს უარი განაცხადა Twitter-ის შეძენაზე. როგორც მილიარდერის ადვოკატებმა განაცხადეს, ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებული ვითარების გარდა, ბიზნესმენი უკმაყოფილოა იმითაც, რომ Twitter-მა მაღალი რგოლის ხელმძღვანელები და ნიჭიერი ხალხის მიზიდვაზე მომუშავე გუნდის ერთი მესამედი გაათავისუფლა, რითაც დაარღვია ვალდებულება – „პრაქტიკულად ხელუხლებლად შეენარჩუნებინა მატერიალური კომპონენტები“.
წყარო: The Guardian