თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა: რამდენი ვაკანსია იყო წარმოდგენილი

ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობაა.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფორუმზე 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ ათასზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი“ გუშინ სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა განაცხადა, ფორუმი მასშტაბური იყო, რაც შედეგებზე დადებითად აისახება.

„ღონისძიებას 400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ეწვია. ამ ტიპის ფორუმები მსურველებს დასაქმებაში ეხმარება, რადგან აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებზე და, რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ გაუზიარონ ინფორმაცია“, – განაცხადა ველთაურმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯების კურსდამთავრებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია, თუ რამდენმა სამუშაოს მაძიებელმა შეძლო დასაქმება ღონისძიების წყალობით.