თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ესტონეთის სასამართლომ უკანონოდ ცნო Sputnik Meedia-ს ყოფილი თანამშრომლის ელენა ჩერიშევას სახლში, ასევე ყოფილ რედაქციაში ჩატარებული ჩხრეკა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
აპრილში ესტონეთის ხელისუფლებამ ჩერიშევა მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისა და საერთაშორისო სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოვლენების ქრონოლოგია სასამართლოს 7 ივლისის გადაწყვეტილებიდან გახდა ცნობილი. კერძოდ, 5 აპრილს ჩხრეკის ნებართვა სახელმწიფო პროკურატურის წამყვანმა პროკურორმა ტაავი პერნმა გასცა. 6 აპრილს ჩერიშევა დააკავეს, მისი სახლი გაჩხრიკეს, ქმარი კი Sputnik Meedia-ს ყოფილ ოფისში გადაიყვანეს. 16-საათიანი ჩხრეკის შემდეგ ჩერიშევა საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.
„მოსამართლემ ჩხრეკა დაუშვებლად ცნო. როგორც სასამართლო განმარტავს, პირის ჩხრეკა, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ინფორმაციის ჟურნალისტური მიზნებით დამუშავებასთან, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მოსამართლის დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“, — განუცხადა ჩერიშევამ „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, ჰარიუსკის საოლქო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა სარჩელი მისი პირადი ქონების ნაწილის დაბრუნების შესახებ.
მარტის დასაწყისში ესტონურმა ინტერნეტ-პორტალმა Sputnik Meedia-მ გამოაცხადა, რომ ესტონეთის ბანკებისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და შეზღუდვების, ასევე მისი თანამშრომლების მიმართ მუქარის გამო იხურებოდა.