თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც თბილისში 2021 წლის 23 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი დაპირისპირების დროს მეზობლის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.