თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ოპოზიციის სურვილი მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია უკვე ინიცირებული კანონპროექტების განსახილველად - ეს არის ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავების მცდელობა, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, 18 ივლისიდან დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სესია კონკრეტული დღის წესრიგით, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.
„მოვისმინე, რომ რაღაც პროექტი ინიცირებულია და ეს განვიხილოთ, ეს არის არაინკლუზიური პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა... ხაზს ვუსვამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ უნდა რიგგარეშე სესიების მოწვევა იყოს, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას, კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია. ამიტომ, მათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა საზღვარგარეთ იმყოფება, დანარჩენები კი პარლამენტში მუშაობენ.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია უკვე დასრულდა, ამიტომ პლენარული სხდომები არ ტარდება და კანონპროექტების მიღებაც ვერ მოხდება.
ამჟამად მხოლოდ კომიტეტის სხდომები ტარდება. კომიტეტები მუშაობენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გეგმაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წაყენებული პირობების შესრულების მიზნით.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ასევე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის თავმჯდომარე. კომიტეტების პირველი სხდომები უკვე ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა ჯგუფებისა და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოპოზიცია მოითხოვს, რომ მუშაობა წარიმართოს მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმის მიხედვით.
არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია იშველიებს, მოიცავს კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.