თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბერმუხის“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
,,ბერმუხის“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა.
„პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მოვახერხეთ ჩამოსვლა ზუსტად თქვენი 40 წლის იუბილეზე... თქვენი მემკვიდრეობა და ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღევანდელ ზეიმშიც მონაწილეობენ. მათთვის თქვენ ძალიან დიდი მაგალითი ხართ და უღრმესი მადლობა ამ მაგალითისთვის!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
,,ბერმუხის“ დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ანსამბლი „ბერმუხა“ 1982 წელს შეიქმნა. მის რეპერტუარში ძირითადად აჭარული ხალხური ცეკვებია.