პრემიერმა შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

შინძო აბე თავდასხმის შემდეგ 67 წლის ასაკში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შინძო აბეს დაკრძალვის ცერემონია დღეს ტოკიოში, უძველეს ბუდისტურ ტაძარში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა და იაპონელ დიპლომატს იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას“, – დაწერა ღარიბაშვილმა.

იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად, აღნიშნა პრემიერმა.
„ამ გლოვის ჟამს ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას", – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში, დაახლოებით ათი მეტრის მანძილიდან ზურგიდან ესროლეს. კისერსა და გულ-მკერდის არეში დაჭრილი ექს-პრემიერი მეორე გასროლის შემდეგ დაეცა. თავდამსხმელი დაკავებულია.
დაჭრის შემდეგ ექს-პრემიერი გონზე იყო, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა „გულისა და ფილტვის გაჩერებით“.