თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. სააპელაციო სასამართლო ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის განხილვას იწყებს, პირველი სხდომა 19 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
„ძალიან კარგია, რომ პროცესი სააპელაციო სასამართლოში ასეთ მოკლე ვადაში ჩაინიშნა“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, პირველივე სხდომაზე დაცვის მხარე რიტორიკით მიხვდება, იქნება თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი.
საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2018 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.
გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტებით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
მას შემდეგ, რაც წინა მფლობელმა – ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის ქონების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა“ მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.