„სხვათა შორის, აქამდე არაერთხელ მიხუმრია, თუ როგორი ადვილია საქართველოში პოპულარობა – შეგიძლია გაიხადო, ყველა, ვინც პოპულარულია, თოქშოუებიდან ვიცით ტიტვლები-მეთქი. იმ დღეს ყველა ცუდ ხასიათზე იყო, ველოდებოდით ამინდის გაუარესებას, მეგობრები ვიყავით მხოლოდ და მინდოდა ყველას გამხიარულება. არ მეგონა, თუ მამულიჩა ამ ვიდეოს დაპოსტავდა, რადგან სხვა ვიდეოებიც გვაქვს, სადაც ვმასხრობთ და ვმხიარულობთ. თავიდან, როცა ნეგატიური კომენტარები წამოვიდა, ვიცინოდით და ვხალისობდით. ცოტა ხანში ნახევარი მილიონი ნახვა მოაგროვა და იმდენი კომენტარი ჰქონდა, გამიკვირდა. კომენტარები რომ წავიკითხე, ამ ვიდეოს ხუთჯერ ვუყურე, ვფიქრობდი, მე ხომ არ გავაფრინე-მეთქი. დღესაც ვერ ვხვდები, რა არის განმაცვიფრებელი ამ ვიდეოში“, – ამბობს გიორგი.
„საზოგადოება დასტრესილია. მათიც მესმის. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც საბჭოთა კავშირში ან პოსტსაბჭოთა სივრცეშია გაზრდილი. ძალიან კარგად ვხვდები, რა ცხოვრება გამოიარეს ამ ადამიანებმა და რა ხდება მათ გარშემო, ამიტომ არანაირი პრეტენზია და არც აგრესია არ მაქვს. პირიქით, თუ დაიცლებიან ნეგატიური ემოციებისგან, კარგია, სადღაც ხომ უნდა დაიცალონ და, დაე, ვიყო მე, რა უნდა ვქნა. მთავარია, ყველა იყოს ბედნიერი. თუ გააბედნიერებთ ჩემი გალანძღვა, დაე, მლანძღონ“, – ამბობს მომღერალი.