თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა 2004 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში 144-ზე მეტი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) დააფიქსირეს, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის წინასწარ მოხსენებაში.
სპეცსამსახურებმა აღნიშნული დოკუმენტი კონგრესის მოთხოვნით მოამზადეს. კანონმდებლებს სურთ გაერკვნენ, ცდილობს თუ არა დაზვერვა ამოუცნობ მოვლენებზე ინფორმაციის დამალვას.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშში შესული და გაანალიზებული 144-ვე შემთხვევა ამერიკელმა სამხედრო მფრინავებმა დააფიქსირეს. აქედან მათ მხოლოდ ერთი ობიექტის იდენტიფიცირება მოახერხეს − ეს, სავარაუდოდ, დიდი საჰაერო ბურთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ატმოსფეროში იჩუტებოდა. დანარჩენი 143-ის იდენტიფიცირება ან ახსნა შეუძლებელი გამოდგა.
როგორც ირკვევა, 80 შემთხვევაში ობიექტები ერთდროულად რამდენიმე სათვალთვალო სისტემით დაფიქსირდა.
მოხსენების თანახმად, ამოუცნობი ობიექტების წარმომავლობა შეიძლება სხვადასხვაგვარად აიხსნას: ზოგი მათგანი შეიძლება უბრალოდ ჰაერში გაფანტული ნაგავი ან ატმოსფერული მოვლენა იყოს, ზოგი კი − აშშ-ის მთავრობის ან მისი კონტრაქტორების საიდუმლო პროექტები. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები იყოს.
აღინიშნება, რომ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული პოპულარული თეორიები უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტების შესახებ.