თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი პროცესი, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯებს, მორიგ ჯერზე გადაიდო – სხდომა 1 აგვისტოს ჩაინიშნა.
აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, ექს-პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
ბრალდებულმა სააკაშვილმა პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო. იგი 12 მაისს რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობის კურსს გადის.
სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილები წაიკითხა.
როგორც პენიტენციური სამსახურის წერილშია ნათქვამი, მსჯავრდებულმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განაცხადა. ამასთან, იგი უარს აცხადებს პროცესის მის გარეშე გამართვაზე.
კლინიკა „ვივამედის" წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი ძლიერ სისუსტეს განიცდის და რომ მისი პროცესში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ არის.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.