ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

აქციის მონაწილეები მერიის მიერ ალტერნატიული ფართების შეთავაზების პირობას არ თანხმდებიან და ფულად კომპენსაციებს მოითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ბინების შესაძენად თანხების გამოყოფა მოითხოვეს. მათი თქმით, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო არაა.
ადგილობრივებმა პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. გარდა ამისა, აღნიშნული ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ აქედან სასწრაფოდ გაგვასახლონ, 4 წელია ამას ვითხოვთ. ადამიანები იწამლებიან, უმძიმეს პირობებში ვართ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.

მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია პერმანენტული გახდება.
ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მათთვის დეტალურადაა ცნობილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები და მოსახლეობას უკვე შესთავაზეს ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. უკვე მზად არის სახლის პროექტი და მიწის ნაკვეთი.
აქციის მონაწილეები კი მერიის მიერ ალტერნატიული ფართების შეთავაზების პირობას არ თანხმდებიან და ფულად კომპენსაციებს მოითხოვენ.