მეტი თავისუფლებისთვის - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ოცნება" დატოვა

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ საქართველოში აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ დატოვა თანამდებობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
ღამბაშიძემ გადაწყვიტა მიბაძოს „ქართული ოცნების" სამ ლიდერს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს. მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ წასვლის მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!" – დაწერა ღამბაშიძემ სოციალურ ქსელში.

ღამბაშიძემ „წითელი ხაზი" უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის საქციელს, რომელსაც მანამდე ყაველაშვილმა მიმართა ღია წერილით. მოგვიანებით დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი ბოლომდე არც წაუკითხავს, რადგან ის შეთქმულების თეორიებით არის სავსე, და აღნიშნა, რომ მისთვის დასანანია, როცა დეპუტატს არ ესმის მისი ქვეყნის როლი.
„პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი?!" – დაწერა ღამბაშიძემ.
მისი თქმით, კითხვები, რომლებიც ღამბაშიძემ დასვა, ხალხს აწუხებს.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩის პასუხით იმედგაცრუებულია>>
„ამიტომ მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის (მიხეილ ყაველაშვილის) წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!" – აღნიშნა ღამბაშიძემ.
ასეთი დამოკიდებულების მიღება არავისგან არ შეგვიძლია, არც მეგობრისგან, აღნიშნა ღამბაშიძემ. ამიტომ, მისი თქმით, დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს „ქართული ოცნება", რათა თავისუფლად ილაპარაკოს მსგავს თემებზე.
„ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით... ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე „ქართული ოცნების" გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას", – აღნიშნა მან.
საქართველო ორ ცეცხლს შუა - დიმიტრი ხუნდაძემ ზეწოლაზე ისაუბრა>>
ელჩისადმი ღია წერილში ყაველაშვილმა დეგნანს სთხოვა, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მთავრობის დამხობისკენ ოპოზიციის მოწოდებების შესახებ, სანქციებზე და ომზე ომბუდსმენის განცხადებაზე, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს კონფლიქტში ჩაბმისკენ.
ყაველაშვილმა დეგნანს უმოქმედობაში დასდო ბრალი, როდესაც ოპოზიციონერები პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსა და მასმედიას საქართველოში.