თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დამატებითი ბუსტერ დოზა შეიძლება გაიკეთონ 50 წელს გადაცილებულმა პირებმა ან მათ, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის" შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
„ვისაც ორი აცრა ჩატარებული აქვს, ბოლო აცრიდან 5 თვის შემდეგ შეუძლია მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ხოლო მე-4 „ბუსტერ“ დოზას აქვს გარკვეული შეზღუდვები - უკეთდება მათ, ვინც არის 50 წლის ზემოთ ან აქვს რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მეოთხე დოზა ექიმის რეკომენდაციით და დანიშნულებით შეიძლება გაკეთდეს.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ძალაშია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები – სოციალური დისტანციის დაცვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.