ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურეს

ქართველი რეჟისორის სოსო ბლიაძის ახალი ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის ფესტივალზე შედგა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მსახიობებმა თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლებისთვის კარლოვი ვარის პრესტიჟულ კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვეს, იუწყება კინოფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.
კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი შაბათს დასრულდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, იგი ტრადიციული ფორმით გაიმართა. მაყურებელმა 170-მდე ფილმი ნახა, აქედან 130 - სრულმეტრაჟიანი.
კადრი ფილმიდან „ჩემი ოთახი“ (A Room Of My Own)
ორივე მსახიობი სამადლობელო სიტყვის დროს ემოციებით აღსავსე იყო. თანაც დაჯილდოების ცერემონია თაკი მუმლაძის დაბადების დღეს დაემთხვა. მას ჯილდო გადასცეს სიმღერა Happy Birthday-ს თანხლებით, რომელიც მაყურებლებმა შეასრულეს.
ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართა. სცენარზე სოსო ბლიაძესთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძეც მუშაობდა.
ეს ფილმი მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცრურწმენებთან ბრძოლას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. ერთ-ერთი პერსონაჟი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც. მოქმედება პანდემიის დროს ხდება.