თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციამ რუსთავში შაბათს ქვემო ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა.
პოლიტიკური ძალის წესდებაში პარტიის ქალთა ორგანიზაცია ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები გააცნო და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ქალთა ორგანიზაცია რამდენიმე თვის წინ დააფუძნა.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ყველა მდივანი (გენერალური, აღმასრულებელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოლიტიკური, საერთაშორისო, რეგიონული) მამაკაცია. მაგრამ პოლიტსაბჭოში (სულ 19 წევრია - რეს.) ქალები არიან წარმოდგენილი - ესაა თეა წულუკიანი, ეკატერინე ტიკარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი.