მსოფლიო დღეს

იაპონიის ექს-პრემიერი დაჭრილია: ვრცელდება კადრები ადგილიდან - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რომელიც ქალაქ ნარაში ღია ცის ქვეშ გამოდიოდა სიტყვით, მოულოდნელად უგონოდ წაიქცა, იუწყება ტელეარხი NHK.
გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის აბეს, რომელიც სასწრაფოდ ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს, ზურგიდან ესროლეს. თავდამსხმელი დაკავებულია.
ანონიმმა წყარომ NHK-ს აცნობა, რომ ყოფილი პრემიერის მდგომარეობა „საკმაოდ მძიმეა“. გავრცელდა ცნობა, რომ სინძო აბეს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
თვითმხილველების თქმით, მათ ორი გასროლის ხმა გაიგონეს სინძო აბეს გამოსვლის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ინციდენტის ერთ-ერთი შემსწრე ამბობს, რომ დაჭრილ ექს-პრემიერს გულის მასაჟი გაუკეთეს.
თავდამსხმელი 41 წლის ტეცუია იამაგამი აღმოჩნდა. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი მონაცემებით, ექს-პრემიერს მან ზურგში კუსტარული იარაღიდან ესროლა, რომელიც უკვე ამოღებულია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, იამაგამი იაპონიის საზღვაო ძალების ყოფილი მოსამსახურეა. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელმა უკვე განუცხადა გამოძიებას, რომ „უკმაყოფილოა ყოფილი პრემიერით და მისი მოკვლა სურდა“.
სინძო აბეს იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2006-2007 და 2012-2020 წლებში ეკავა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია პრემიერ-მინისტრისთვის. აბე თანამდებობიდან კოროვირუსული პანდემიის პერიოდში გადადგა და ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა.
წყარო: NHK