თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა არის სტაბილური და დემონსტრაციების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათს აქცია გამართა. მოთხოვნის მიზეზი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი გახდა.
„დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე.