მსოფლიო დღეს

G20-ის მინისტერიალის მონაწილეებმა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

Sputnik
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. „დიდი ოცეულის“ (G20) მინისტერიალზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელს ტრადიციულ ერთობლივ ფოტოს არ გადაიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ რიგი ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება არ მოისურვეს.
მასმედიის ინფორმაციით, პირველი, ვინც ლავროვთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო.
რუსმა მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არც ბლინკენისთვის და არც სხვა არავისთვის არ უთხოვია ერთობლივი ფოტოსესია.

„რაც შეეხება განცხადებებს ჩემთან შეხვედრებზე, რომ ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ, მე არც არავინ მომიწვევია ამისთვის. საერთოდ არავინ არსად არ მიმიწვევია. ეს ინდონეზიამ მომიწვია მე“, − უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.

მინისტერიალის დაწყებამდე G20-ის წარმომადგენლებისთვის მისასალმებელი ვახშამი გაიმართა, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მინისტრები არ დაესწრნენ − სერგეი ლავროვის იქ ყოფნის გამო.