დიდ დიღომში ახალი პარკი მოეწყო

ახალ პარკში მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, ასევე საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14.700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.
მერიის ინფორმაციით, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის არსებული ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო განთავსებული, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.
„მიხარია, რომ დედაქალაქს 14 ათას კვ მ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. დიდი დიღმის მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. გახსოვთ, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორი სილამაზეა დღეს, სადაც ყველაფერია წარმოდგენილი – ატრაქციონები, ამფითეატრი, ხე-მცენარეები. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ აქ მოსული ადამიანები განიტვირთონ და გაერთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 2 მილიონი ლარი შეადგინა.