რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მხარეებს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.
სორტული საამქროს მუშების გაფიცვა 4 ივლისს დაიწყო. არსებული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე დაახლოებით 130 ადამიანმა განაცხადა უარი.

„ქარხნის ადმინისტრაციის წინადადება გაფიცული მეტალურგებისთვის მისაღები გახდა. შესაბამისად, სორტულმა საამქრომ მუშაობა განაახლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულ მუშებს შორის დიალოგი 6 ივლისს დაიწყო, თუმცა, შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. კომპანია დათანხმდა შეასრულოს მუშების მიერ წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა, გარდა ხელფასის 30%-ით გაზრდისა.
მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებზე არ განხორციელდება დევნა, ზეწოლა და დამსაქმებლის მხრიდან ანაზღაურდება გაცდენილი დღეები.
პროფკავშირების ინფორმაციით, ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება. დღეისათვის მეტალურგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 800–900 ლარია. 1 ივლისიდან მათი ხელფასი 100 ლარით იზრდება, 2023 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურება კიდევ 100 ლარით, მომავალი წლის მარტიდან კი კიდევ 50 ლარით გაიზრდება.
ასევე აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირები (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა). ამასთან, მოწესრიგდება თანრიგების სისტემა და პროფკავშირთან გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება.
ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება.