თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 42 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 15 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 9 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, 8 – შიდა ქართლში, 6 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გურიაში.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 375.289 კუბური მეტრი ხეტყე – 67.871 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 307.418 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიაზე დასაწყობდა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.