თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თორმეტმა მცირე ოპოზიციურმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიამ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ბარიერის მაქსიმალური დაწევა და ბლოკების ფორმირების დაშვება შესთავაზა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები პარლამენტში პარტიების გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევისა და 2024 წლიდან არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.
„საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს არა 2%, არამედ ბუნებრივი - 0,67%. ეს ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა იყოს მუდმივი და არა მომდევნო ორ არჩევნებზე. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა მხოლოდ პარტიებმა, არამედ ბლოკებმაც", - ნათქვამია პარტიების მიმართვაში.
მათი აზრით, მსგავსი ცვლილებები იქნება პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნების გარანტი და გამორიცხავს ერთი პარტიის მმართველობას.
ასევე, მათი აზრით, არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის დაბრუნებამ შესაძლოა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინოს და პარტიებს არ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ორ დომინანტურ პოლიტიკურ ძალას შორის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად.
პირველად საპარლამენტო არჩევნებში ბუნებრივი ბარიერის იდეა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს წამოაყენა. ამ იდეის საფუძველზე მომზადებული ცვლილებების მიხედვით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით ბუნებრივი ბარიერის პირობებში. თუმცა, დეპუტატების უკმაყოფილების გამო, ცვლილებები ჩავარდა.
მოქმედი სისტემით, 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები ტარდება შერეული სისტემით პარტიებისთვის 2%-იანი ბარიერით, ხოლო 2024 წლიდან პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერით.
თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ მხოლოდ „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის".
2%-იანი ბარიერის მცირედით (2,7%) გადალახვა შეძლო მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის“. დანარჩენმა შვიდმა პარტიამ, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, ამომრჩეველთა ხმების 1-1,5% მიიღო.