თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. გამოჩენილმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკში მასტერ-კლასი ჩაატარა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერ-კლასი ჩაატარა.
გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებს საკუთარი საჭადრაკო გამოცდილება გაუზიარა, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
ღონისძიება სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით დაინერგა.
პროექტის ფარგლებში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სპორტულ განათლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით.