თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე შემუშავებული აქვთ სამოქმედო გეგმის საკუთარი ვარიანტი. გეგმის პუნქტებს შორისაა: ზოგიერთი კომიტეტის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემა, კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ცვლილებების შეტანა, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავება, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ა.შ.
„ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის გეგმებში პირობების შესრულების პროცესის დისკრედიტაცია შედის.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.
დღეისათვის მმართველ პარტიასთან ამ საკითხებზე სამუშაოდ სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა მზად – „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“.