თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. ევროკავშირი გეგმავს გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის უმსხვილესი ინვესტორი ტაჯიკეთში, რათა რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უზრუნველყოს, იუწყება სააგენტო Reuters ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი ჰიდროელექტრო-კაშხლის მთავარი ინვესტორი გახდა, არის სურვილი იმისა, რომ ტაჯიკეთი და მისი მეზობლები რუსული ენერგიისგან დამოუკიდებელი გახადოს. ევროკავშირი დაინტერესებულია მიაღწიოს ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან“, − განუცხადა Reuters-ს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ტაჯიკეთმა 2016 წელს დაიწყო გიგანტური როგუნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც შეუძლია სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოუტანოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას.
ევროკავშირის საინვესტიციო ფილიალსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) აქამდე არ დაუფინანსებიათ პროექტი, რომელსაც იტალიური სამშენებლო კორპორაცია Webuild (WBD.MI) აგებს. მაგრამ როგორც EIB-ს წარმომადგენელმა მანამდე „როიტერს“ განუცხადა, ევროკომისიამ მიმართა ბანკს თხოვნით, გახდეს პროექტის „ყველაზე დიდი ინვესტორი“.
როგუნჰესის მშენებლობა, სავარაუდოდ, 8 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ დროისათვის ჩატარებულ სამუშაოებზე უკვე 3 მილიარდია დახარჯული.
წყარო: Reuters