ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს უნიკალური და ისტორიული სახლის შესახებ, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მეზობლად იყიდა. მისი თქმით, იქ 23 ოჯახი ცხოვრობდა.
„დაახლოებით 20 წლის წინ ამ ისტორიულ შენობაში ერთი ოთახი ვიყიდე, მერე მეორე, მესამე... ზოგი მილიონს ითხოვდა – ივანიშვილთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემი ბინა მილიონი ღირსო. ძალიან რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი. ზოგს ბინა ვუყიდე, ზოგს ფული მივეცი“, – ამბობს ექსპერტი.
ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამ სახლის გასაკეთებლად საკუთარი ფინანსების სრული მობილიზება მოუწია.
„მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული. ძველი შევინარჩუნე, რადგან ვფიქრობ, როდესაც ძველი ინგრევა, აგური უნდა გამოიღო, გაწმინდო, კირით შეავსო და თავის ადგილზე დადო. ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? დაანგრევენ, ბლოკით ააშენებენ და მერე აკეთებენ ვითომ ძველებური სტილით“, – ამბობს ექსპერტი.
აღმოჩნდა, რომ ის თავის მეზობელ ბიძინა ივანიშვილს პირადად არ იცნობს.