სამხედრო ძალების 23-ე ბატალიონმა მომზადების ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა

სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ოთხკვირიანი პროგრამა (GDRP-T) დაასრულა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროგრამა სამი ეტაპისგან შედგებოდა და სამეთაურო-საშტაბო სწავლებას (CPX), საველე სწავლებასა (FTX) და საბრძოლო სროლებს მოიცავდა (LFX).
საჩვენებელ სწავლებაზე 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა.
საჩვენებელ სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. პროგრამის მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.
2018 წლის მაისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა გერმანული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), რომელიც GDRP-ს ფარგლებში ქართველი სამხედროების გადამზადებისთვის არის განკუთვნილი.