თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მედდა დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მედდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც პირადი სარგებლის სახით მათგან გარკვეულ თანხას იღებდა.
„დანაშაულში უკვე მხილებულია 15 მოქალაქე, რომლებიც, თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისთვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ დარღვევით დარეგისტრირდნენ, როგორც ვაქცინირებული პირები“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 221-ე (კომერციული მოსყიდვა) მუხლებით გრძელდება.
დაკავებულ მედდას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.