თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი საფინანსო ინსტიტუტის – მიკრობანკების გაჩენას, რომლებიც შეძლებენ სესხების დაბალი პროცენტით გაცემას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. მისი დამტკიცების შემთხვევაში საფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ ეროვნულ ბანკს მიკრობანკის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„მიკრობანკების რეგისტრაციის შემდგომ გაიზრდება კონკურენცია ამ სექტორში... ამან აუცილებლად უნდა იქონიოს გავლენა საპროცენტო განაკვეთებზე გამომდინარე იქიდან, რომ მათ, ერთი მხრივ, გაუჩნდებათ შედარებით იაფიანი რესურსი, ხოლო მეორე მხრივ, კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის ცნობით, მიკრობანკები იქნება საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომლებსაც სხვა ბანკების მსგავსად ზედამხედველობას სრულად გაუწევს ეროვნული ბანკი. უბრალოდ, მათ ექნებათ რეგულირების შედარებით განსხვავებული ფორმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
„ეს არის საწესდებო-საზედამხედველო კაპიტალის მინამალური ოდენობა. მაგალითად, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 1 მილიონი ლარი, მიკრობანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მილიონი ლარი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
კანონპროექტის მიხედვით, ბანკებთან შედარებით მიკრობანკების მიმართ სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქცია შედარებით გამარტივდება.
ამგვარად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე მომავალში დარეგისტრირების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მიკრობანკის სტატუსი და უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები.
დღეს საქართველოში 14 კომერციული ბანკი და 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მუშაობს.