თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ქვეყნიდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა.
ექსპორტზე აკრძალვა შეეხება 2022 წლის 4 ივლისიდან დადებულ გარიგებებს და ძალაში იქნება 2023 წლის 1 ივლისამდე.
როგოც განკარგულებაშია აღნიშნული, ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დღეისათვის საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. უახლოეს წლებში ხელისუფლება აღნიშნული მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქერიც ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული.
მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებშია. დღევანდელი მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.