თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება, ადამიანები ხშირად უჩივიან თავის ტკივილებს, რომლის გაყუჩებაც მედიკამენტების გარეშე, როზმარინის სიროფითაც არის შესაძლებელი, რომელიც სახლის პირობებში მარტივად მზადდება, წერს გამოცემა En Son Haber.
არსებული მონაცემებით, დღეისათვის თავის ტკივილებს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 50% უჩივის.
გამოცემის სპეციალისტები თავის ტკივილის შესამცირებლად უპირველესად მცირე ცვლილებების შეტანას გვთავაზობენ ცხოვრების წესში:
სვით წყალი;
მიიღეთ მაგნიუმი;
უარი თქვით ალკოჰოლზე;
არ მოიკლოთ ძილი;
მოერიდეთ ჰისტამინით მდიდარ საკვებს − ობიან ყველს, შოკოლადს, ძეხვს, კონსერვირებულ, შებოლილ ან დამარინადებულ თევზეულს, ისპანახს, კაკალსა და არაქისს;
გამოიყენეთ ცივი კომპრესები;
თვალყური ადევნეთ იმას, რაც ჭამეთ და დალიეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რათა ამოიცნოთ და აღმოფხვრათ თავის ტკივილის გამომწვევი საკვები;
მოერიდეთ მკვეთრ სუნებს.
როგორც გამოცემა წერს, გამომდინარე იქიდან, რომ თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, დაზუსტებით იმის თქმა, რომ როზმარინის სიროფი აუცილებლად გიშველით, შეუძლებელია. თუმცა როზამარინს, ჯანჯაფილსა და თაფლს ბევრი ადამიანისთვის მოაქვს შვება.
როზმარინის სიროფის ეფექტი
როზმარინი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამასთან ის სწრაფად ხსნის დაბალი წნევით და სისხლის ცუდი მიმოქცევით გამოწვეულ თავის ტკივილს. როზმარინის ზეთი, რომელიც ასევე გამოიყენება არომათერაპიაში თავის ტკივილის დროს, უფრო ინტენსიური მოქმედებისაა.
ჯანჯაფილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, რისი წყალობითაც თავის ტკივილის გამომწვევი ტოქსინები უფრო სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
თაფლს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისპაზმური თვისებები და ხსნის გაციებით გამოწვეულ თავის ტკივილს.
ლიმონი კი, რომელიც C ვიტამინითაა მდიდარი, ამცირებს ტკივილისადმი მგრძნობელობას.
ინგრედიენტები სიროფის მოსამზადებლად:
ახალი როზმარინი − სამი-ოთხი ყლორტი;
ჯანჯაფილის ნაჭერი − დაახლოებით ოთხი სანტიმეტრი სიგრძისა და ცერა თითის სისქისა;
წყალი − 100 მილილიტრი;
ლიმონის წვენი;
თაფლი − 250 გრამი.
მომზადების წესი
მოაცილეთ როზმარინს ფოთლები და დაკეპეთ დანით;
გათალეთ ჯანჯაფილი, დაჭერით თხელ ნაჭრებად ან გახეხეთ;
მოათავსეთ როზმარინი და ჯანჯაფილი პატარა ქვაბში ან ჩაიდანში, დაასხით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და ათი წუთით დააყოვნეთ;
გადაწურეთ ნახარში წვრილ საცერში და გააცივეთ;
გაცივების შემდეგ დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი სიროფის მიღებამდე;
შეინახეთ მაცივარში, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. სიროფი არ ფუჭდება რამდენიმე კვირის განმავლობაში შაქრის მაღალი შემცველობის გამო.
მიღების წესი
თავის ტკივილის დროს გახსენით სამი-ოთხი სუფრის კოვზი სიროფი ერთ ჭიქა ცივ ან ცხელ წყალში და დალიეთ.
როზმარინის სიროფი ასევე შეიძლება მიირთვათ პირდაპირ − წყალში გაუხსნელად. თუმცა, რადგან თავის ტკივილი ხშირად ასოცირდება სითხის მცირე რაოდენობით მიღებასთან, ჯობს სიროფი ცხელ ჩაისთან ან როზმარინის ჩაისთან ერთად მიირთვათ.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: En Son Haber