თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა მოიგო – ქართველებმა ესპანეთი ოვერტაიმში ანგარიშით 82:76 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ახალაშენებულ დარბაზში, „თბილისი არენაზე“ ჩატარდა და ეს იყო პირველი ოფიციალური სპორტული ღონისძიება, რომელსაც ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
საქართველომ პირველი ტაიმი მოიგო და მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველები 41:33 ლიდერობდნენ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში სამქულიანებით და სწრაფი პირველი შეტევის წყალობით ესპანეთი მესამე პერიოდის ბოლოს 3 ქულით დაწინაურდა – 47:43.
მეოთხე მეოთხედში თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და უკვე ცხადი იყო, რომ გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდებოდა. ფინალურ სასტვენამდე 34 წამით ადრე 20 წლის რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ბურთი „მოპარა“ და სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა – 67:64 საქართველოს სასარგებლოდ. სასტვენამდე 18 წამით ადრე ესპანელებმა ანგარიში სამქულიანით გაათანაბრეს – 67:67. ბოლო შეტევა ქართველებს დარჩათ, მაგრამ თორნიკე შენგელიას სროლა არაზუსტი გამოდგა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
აქ ისევ რატი ანდრონიკაშვილმა ესპანელებს არ აპატია საქართველოს ნაკრების ლიდერებისადმი ზედმეტი ყურადღება და ოვერტაიმის დასაწყისშივე ჩაჭრის შემდეგ ორქულიანი ჩააგდო, რასაც ორი სამქულიანი მოჰყვა და საქართველო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ოთხი ქულით დაწინაურდა – 77:73.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა სხვაობა სამქულიანით შეამცირეს, მაკფადენის მიერ შორიდან ჩაგდებულმა ბურთმა ფაქტიურად საქართველოს გამარჯვება მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე მოუტანა.
გამარჯვების შემდეგ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგ შანსებს ინარჩუნებს.