„დროა პარტიებად გადაკეთდნენ“: შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

წლების განმავლობაში ნაშენები არსამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ მისმა წარმომადგენლებმა საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, განაცხადა სპიკერმა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად იქცეს.
ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი საპროტესტო აქციას, რომელიც კვირას თბილისში გაიმართა. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ ფაქტობრივად. ამიტომაც არის, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ ალბათ დროა, გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელშიც ისინი „შესული იყვნენ, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად“.
„სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემა არის არა ის, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნია, არამედ პრობლემაა, როდესაც საქმე ფარსს შეეხება.
ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად მოიგო >>
„როცა (ორგანიზაცია - რედ.) ამოფარებულია რაღაც სურათს, თითქოს ეს არის მიუკერძოებელი ორგანიზაცია, სინამდვილეში ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც საზოგადოებასთან და არც სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
3 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.
პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.