თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 37 წლის დავით ცერცვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასტიკი მკვლელობა ქუთაისში 1 ივლისს მოხდა. მამაკაცმა 36 წლის ქალს ყელი გამოჭრა. ეჭვიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
პროკურორ რევაზ თოფურიას განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„ბრალდების მხარეს ჰქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლოა ახალი დანაშაული მომხდარიყო", – განაცხადა თოფურიამ.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
ბრალდებულის ადვოკატ გელა სორდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, იგი ეთანხმება წინასწარ პატიმრობას, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
დავით ცერცვაძის მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.
მას გამოძიება ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.