სტიქია რაჭაში: ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა

პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
ონის მერიის ცნობით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაარღვია დამცავი ნაპირსამაგრი გაბიონი და დატბორა სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და სოფელში არსებული სამი საფეხმავლო ხიდი.
სტიქიის შედეგების დროულად მოგვარების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.
მერია ირწმუნება, რომ უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.
ბოლო პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები, დაიტბორა სოფლები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.