საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა

12 საათზე აქციის ორგანიზატორები აპირებენ შემდგომი სამოქმედო გეგმის ნაწილის გახმოვანებას
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილმა ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტა - მომიტინგეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გადაინაცვლეს.
თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„3 ათასი ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები რჩებით აქ (პარლამენტთან - რედ.) და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება მომდევნო საათებში, მომდევნო წუთებში არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება“, - განაცხადა მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
პროტესტი იქნება მშვიდობიანი, რადგან ძალადობა ხელისუფლებას ხელს აძლევს, მშვიდობიანად ვიმოქმედებთ, აღნიშნა მშვენიერაძემ.
ღამის 12 საათზე აქციის ორგანიზატორები აპირებენ შემდგომი სამოქმედო გეგმის გახმოვანებას, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია მანამდე არ გასცემს პასუხს - არიან თუ არა მზად შეასრულონ „სახალხო მოძრაობის“ მოთხოვნები.
„შინ ევროპისკენ“: თბილისში პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დაიწყო >>
„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დღეს გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილი გაჟღერდება, რადგან მისი მთლიანად გასაჯაროება მოძრაობის მომავლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
აქციის მონაწილეები მუსიკის თანხლებით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან. ისმის საქართველოს ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები. მონაწილეებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები უჭირავთ. ზოგს - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ორგანიზატორებმა აქციის დაწყებამდე განაცხადეს, რომ მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. მთელი კვირის განმავლობაში აქციის ორგანიზატორები რეგიონებში დადიოდნენ და მოსახლეობას 3 ივლისის აქციაზე მოუხმობდნენ. ამ შეხვედრების ჩატარებაში მათ ხშირად ხელს უშლიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის წევრების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.