თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი დაცული ტერიტორიის - კვერეთის აღკვეთილის შექმნის იდეას.
ახალი აღკვეთილი საჩხერის მუნიციპალიტეტში 14.7 ათასი ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე გაჩნდება. ეს ადგილები გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. იქ ბინადრობენ უნიკალური, იშვიათი სახეობების გარეული ცხოველები, რომლებიც გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან.
„აღკვეთილის ტერიტორია ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ეკოტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამასთანავე, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ცალკეულ შემთხვევებში საკუთრებით, ბუნებრივი რესურსებით და ასევე, ხელი შეეწყოს ბუნების და ბიომრავალფეროვნების მოვლას, დაცვას და პატრონობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენისას.
დღეს საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 300 ათასი ჰექტრით გაიზარდა და 2021 წლის მდგომარეობით დაახლოებით 800 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11,5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველოს ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა. დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა 90 სახეობა, რომლების საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
დღეისათვის საქართველოში 13 ეროვნული პარკია.