თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. წუხელ ღამით მთაწმინდაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავეს, ამის შესახებ „პირველი არხი“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოში დღეს 28 ივნისს დაწყებული Tbilisi Pride Week-ის სრულდება. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს. კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ამ ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. კვირეულის განმავლობაში ეს პირველი დაკავებებია.
გავრცელებული ინფორმაციით, 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
შსს Tbilisi Pride-ის კვირეულის მონაწილეებს თავიდანვე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჰპირდებოდა.
კვირეულის დაწყებამდე უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი–პრაიდში“ განაცხადეს, რომ წელს უარს ამბობენ ე.წ. ღირსების მარშის ჩატარებაზე. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სივრცე და შესაძლებლობები.
„ღირსების მარში“ Tbilisi Pride Week-ის ფარგლებში თბილისში 2021 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმ დღის დილა კონტრაქციით დაიწყო. „თბილისი–პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კი მასმედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც მიკროფონით ან კამერით ხედავდნენ.
იმ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. პოლიციელებმა 27 ადამიანი დააკავეს.