ბათუმში „ოცნების ქალაქი“ დაიტბორა

„ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა რამდენიმე ქუჩაზე ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია“.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე სახლი მთლიანად დაიტბორა, რის შედეგადაც ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუფუჭდათ.
ადგილზე მისულმა „ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით კი გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
ამასთან, როგორც „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია როგორც ბათუმის წყლის, ისე „აჭარის წყლის ალიანსის“ ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებდა. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.