პუტინი: რუსეთმა და ბელარუსმა პარტნიორობის სამაგალითო დონეს მიაღწიეს

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ბელარუსი მტკიცე მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციებს კიდევ უფრო აძლიერებენ.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთმა და ბელარუსმა პარტნიორობის სამაგალითო დონეს მიაღწიეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონების IX ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას, რომელიც ამ დღეებში გროდნოში მიმდინარეობს.
პრეზიდენტის თქმით, ისეთ ღონისძიებებს, როგორიც რეგიონების ფორუმია, დიდი წვლილი შეაქვს ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარებაში, ხელს უწყობს ორი ქვეყნის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, საქმიანი საზოგადოების, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროების წარმომადგენლებს შორის პირდაპირ კავშირებს, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„შევძელით სტრატეგიული პარტნიორობის ჭეშმარიტად სამაგალითო დონის მიღწევა, ხოლო მოკავშირე სახელმწიფო ნამდვილი ურთიერთმომგებიანი და თანასწორუფლებიანი ინტეგრაციის მაგალითია", – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბელარუსულ ეკონომიკაში კაპიტალდაბანდებებით რუსეთს პირველი ადგილი უკავია (4 მილიარდ დოლარზე მეტი). გარდა ამისა, რესპუბლიკაში დაახლოებით 2,5 ათასი კომპანია მუშაობს რუსეთის მონაწილეობით.
პუტინი ასევე შეეხო დასავლეთის სანქციებსა და პოლიტიკურ ზეწოლას.

„ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო პოლიტიკური და სანქციებით ზეწოლა გვიბიძგებს, რომ დავაჩქაროთ გაერთიანების პროცესები. ერთად ხომ უფრო მარტივია უკანონო სანქციების ზარალის მინიმიზება, ადვილია მოთხოვნადი პროდუქციის ათვისება, ახალი კომპეტენციების გამომუშავება და თანამშრომლობის გაფართოება მეგობარ ქვეყნებთან", – აღნიშნა პუტინმა.

განსაკუთრებული ინტერესია მიმართული თანამშრომლობაზე მაღალტექნოლოგიურ სფეროში. გარდა ამისა, ქვეყნები ითანამშრომლებენ სასუქისა და სურსათის ექსპორტის კუთხით, ხოლო ბელარუსული საქონლის მიწოდებისთვის ამოქმედდება პორტი ბალტიის ზღვაში.