„ოცნება“ საპარლამენტო ოპოზიციას ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაში ჩართვას სთავაზობს

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი 2017 წლის 8 დეკემბრიდან ნინო ლომჯარიაა, მას უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ლომჯარიას მმართველი გუნდი მუდმივად აკრიტიკებდა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა.
კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციისთვის სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიური პროცედურის შეთავაზება უზრუნველყოფს ომბუდსმენის პოზიციაზე ისეთი პირის წარდგენას, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.

„ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, სახალხო დამცველის არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერა.
კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.