თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს აიძულებენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.
სააკაშვილი სასჯელს ორ საქმეზე იხდის და მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს. რაც შეეხება გვარამიას, მას ტელეარხ „რუსთავი2“-ისთვის, რომლის გენერალური დირექტორიც ის 2019 წლამდე იყო, 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებისთვის სამწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებასაც. მათი გათავისუფლების მიზანიც იგივე – რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოყვეს“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
გარდა ამისა, დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დასავლური ძალები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დევნაში დაადანაშაულეს.
„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ამ ძალების მიზანია ზეწოლის მოხდენა ივანიშვილზე, რათა ის პოლიტიკაში დაბრუნდეს და გავლენა მოახდინოს მმართველი ძალის ლიდერებზე.
„გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამშაბათს „ქართული ოცნების“ სამმა ლიდერმა პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მიზეზად მათ დაასახელეს სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.